შპს ავერსი - რაციონალი

ჯომარდობა, რომელიც ზეიმად იქცა

ჯომარდობა, რომელიც ზეიმად იქცა

კომპანია „ავერსმა“ წელსაც არ უღალატა ტრადიციას და უკვე მეცხრე სეზონის ჯომარდობა გამართა. ამ სპორტულ გასართობ ღონისძიებაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ავერსელი მონაწილეობს. წელს ყველა მსურველისთვის ერთ დღეს ასპარეზობა შეუძლებელი აღმოჩნდა და ღონისძიება ორი დღე გაგრძელდა. 13 ივლისს ჯომარდობაში მონაწილეობა მიიღეს „ავერსის კლინიკის“, ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ბოჭორიშვილის კლინიკის, „მედალფას“ და „მედკაპიტალის“ გუნდებმა, ხოლო 14-ში „ავერსი-ფარმას“, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის, „ავერსი-რაციონალის“ და „ალფას“ გუნდებმა იასპარეზეს.

ავერსელებს ბედმა გაუღიმა, რადგან არ გამართლდა ამინდის პროგნოზი, რომელიც უქმეებზე თავსხმა წვიმას გვპირდებოდა. ადიდებულ არაგვში 15 კილომეტრის გაცურვა, ყინულივით ცივი წყლის მთელ სხეულზე გადავლება, ნავებს შორის მხიარული გადაძახილები, ერთმანეთის გაწუწვა, ყიჟინა, გამამხნევებელი შეძახილები და მაგიური თვლა: „ერ-თი, ერ-თი“, - რომელიც მთელ გუნდს ნიჩბების სინქრონულად მოსმას აიძულებს... ადრენალინის სიმცირეს ვერც ერთი მონაწილე ვერ დაიჩივლებდა.

ხანმოკლე შესვენება ძალ-ღონის მოსაკრებად და მდინარეზე ორ ნაკადად დაშვებული ჯომარდები ახლა ხმელეთზე შეეჯიბრნენ ერთმანეთს. სახალისო თამაშები, გულშემატკივრების შეძახილები, კურიოზები... აქ სამსახურებრივი პოზიცია არაფერს ნიშნავს; აქ იმარჯვებს სისწრაფე, სისხარტე, მოქნილობა, გუნდური სული...

მხიარულება, დისკოთეკა და უკანასკნელი აკორდი – სიურპრიზი, რომელიც ავერსელებს ტელეკომპანია „პულსმა“ მოუწყო: საღამოს, შებინდებულზე, ავერსელებმა მთელი დღის განმავლობაში ღიად თუ ფარულად გადაღებული კადრებით დამონტაჟებულ ფილმს უყურეს, ფილმს ჯომარდობაზე, რომელიც მართლაც რომ ზეიმად იქცა.

ღონისძიების შესახებ უფრო დაწვრილებით მისი ორგანიზატორი, „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე გვესაუბრა:

- ამდენი მსურველი არასოდეს გვყოლია. წელს ჯომარდობაში 400-მდე ავერსელმა მიიღო მონაწილეობა, ამიტომ ღონისძიების ორ დღეზე განაწილება მოგვიწია. შევეცადეთ, წლევანდელი ჯომარდობა განსხვავებული და უფრო მეტად დასამახსოვრებელი გამოსულიყო ჩვენი თანამშრომლებისთვის. გართობა ავტობუსშივე დავიწყეთ. საგანგებოდ მოწვეული წამყვანების დახმარებით გუნდები ერთმანეთს ინტელექტუალურ და მუსიკალურ თამაშებში ეპაექრებოდნენ. ასე რომ, ნავებში უკვე საშეჯიბრებო განწყობით ჩავსხედით. ასპარეზობამ ხალისიანად და, რაც მთავარია, მშვიდობიანად ჩაიარა, ნავიდან გადმოვარდნილ ერთ-ორ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რაც, როგორც წესი, სიტუაციას ხალისსაც მატებს ხოლმე.

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მხიარულმა თიმბილდინგმაც, რომელიც ჩვენი კომპანიის მეგობარმა, ღონისძიების წამყვანმა ნიკა კანკიამ ჩაატარა.

ბოლოს კი, ტრადიციისამებრ, გამარჯვებულები დააჯილდოეს. თიმბილდინგში „მედკაპიტალის“ და „ალფას“ გუნდებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება ჯომარდობას, პირველ დღეს პირველობა არავის დაუთმო ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა,  მეორე ადგილი „ავერსის კლინიკის“ გორის ფილიალს ერგო, მესამე კი - ბოჭორიშვილის კლინიკას. მეორე დღეს  პირველი ადგილი „ალფამ“ დაისაკუთრა, ხოლო „ავერსი-რაციონალი“ და „ავერსი-ფარმა“ მეორე და მესამე ადგილებს დასჯერდნენ. ყველა გამარჯვებული „ავერსის“ 20-, 30-, 50- და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდა, ჩვენმა მასპინძელმა, საჯომარდო კლუბის სათავგადასავლო ცენტრის ხელმძღვანელმა კი პირველ ადგილზე გასულ გუნდებს დამატებით  ჯომარდობის ვაუჩერები გადასცა.

მართლა დაუვიწყარი დღე იყო. ამისთვის, უპირველესად, მადლობა ბატონ პაატა კურტანიძეს, რომელსაც ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და მისი დამსახურებაა, რომ ავერსული ჯომარდობის ტრადიცია არსებობს. მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ასევე - ტელეკომპანია „პულსის“ თანამშრომლებს, რომლებმაც მართლა თავდაუზოგავად იშრომეს და საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს ჩვენს თანამშრომლებს.

თამამად გეტყვით, რომ წლევანდელმა მისიამ საუკეთესოდ ჩაიარა და ჯომარდობა-2020-ზე არაგვის ხეობაში ერთმანეთს ისევ შევხვდებით.

გააზიარე: