შპს ავერსი - რაციონალი

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები "ავერსი-რაციონალს" ესტუმრნენ

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები

22 მარტს "ავერსი-რაციონალს" ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები ეწვივნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს ლაბორატორია, საწარმოო და სასაწყობე ზონები და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.

40-მდე მოწაფისთვის ქართული ფარმაცევტული საწარმოს გაცნობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის პედაგოგის მაკა ლომთაძის ინიციატივა იყო:

- მეხუთე- და მეექვსეკლასელები, სასწავლო გეგმის თანახმად, მედიკამენტებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ეცნობოდნენ ინფორმაციას. მათი ცოდნის ამაღლების მიზნით ქვეყნის წამყვან ფარმაცევტულ საწარმოში შემეცნებითი ექსკურსია დავგეგმეთ. დარწმუნებული ვიყავით, იქ მხოლოდ უმაღლესი დონის საწარმოო პროცესს ვნახავდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ ასეთ გულთბილ დახვედრას მოგვიწყობდნენ. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო დაგეგმილი. "ავერსი-რაციონალის" თანამშრომლები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გვიხსნიდნენ ყველა დეტალს. პატარები აღფრთოვანებულები დარჩნენ. არანაკლებ ვისიამოვნეთ უფროსებმაც - ქართველი და უცხოელი პედაგოგებისთვის საწარმოში სტუმრობა ძალზე ინფორმაციული აღმოჩნდა. ექსკურსიის დასასრულს ფურშეტითაც გაგვიმასპინძლდნენ და ასეთი სასიამოვნო ემოციებით აღსავსენი გამოგვაცილეს.

"ავერსი-რაციონალში" სტუმრების მიღება ტრადიციად იქცა. ვიზიტორები დეტალურად ეცნობიან საწარმოში მიმდინარე პროცესებს, აპარატურასა და გარემოს, სადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქცია იქმნება.

გააზიარე: