შპს ავერსი - რაციონალი

კარდიო ფორსი 75 მგ №30 ტაბ.

კარდიო ფორსი 75 მგ №30 ტაბ.

კარდიო ფორსი 75მგ №30ტ
(აცეტილსალიცილის მჟავა)

 

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: აცეტილსალიცილის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი მოვარდისფრო-ყავისფერი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული,  მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე  ტაბლეტები. 

შემადგენლობა:
1 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 75 მგ ან 150 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი   WINCOAT-WT-N-01256 BROWN: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, საღებავები _ ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი  (E 172),  რკინის ოქსიდი წითელი  (E 172). 

გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი, 75 მგ ან 150 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ჰეპარინის გარდა). ათქ-კოდი:  B01AC06.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდიო ფორსი წარმოადგენს ანტიაგრეგანტულ საშუალებას. აცეტილსალიცილის მჟავა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადად ინჰიბირების გზით იწვევს თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვას,  რაც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.


ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 სთ-ში. 
პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 80-85%-ს, დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 50%-მდე მცირდება.
აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 
გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენება:
 არასტაბილური სტენოკარდია;
 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
 მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
 ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
 თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:
კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში,
შემდეგ _ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული);
სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება;
ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.
ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში. 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა; 
ორსულობა (განსაკუთრებით I  და  III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.
 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კარდიო ფორსი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მეტოტრექსატის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის ულცეროგენული მოქმედების ალბათობა, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკი.
გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც მკურნალობის დროს სალიცილატების დონე სისხლში დაქვეითებულია, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი შესაძლებელია სალიცილატებით დოზის გადაჭარბების განვითარება.
კარდიო ფორსისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს დიურეზული (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) და ურიკოზული საშუალებების მოქმედებას (ზემოთ აღნიშნული პრეპარატებისა და კარდიო ფორსის კომბინირების აუცილებლობისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 სთ-იანი  ინტერვალის დაცვა).

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, გააქტივებული ნახშირის მიღება, აუცილებლობისას ტარდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექცია.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  III  ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
კარდიო ფორსი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ანამნეზში _ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის (რადგანაც აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულ პაციენტებში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობაც კი ამცირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.
კარდიო ფორსის მაღალი დოზით მიღებისას ვითარდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, აქედან გამომდინარე პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.    
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

გააზიარე: